ერთი ციცქნა მწერია,
მწვანე როგორც მხალია,
მაღლა-მაღლა დახტუნავს
ეწოდება...
კალია
ერთ პატარა თაგუნას
თავზე ქოლგა ახურავს,
სულ ღამ-ღამე დაფრინავს
თქვი, რა ჰქვია?...
ღამურა
ჭაობების ბინადარი
ყიყინა და ამაყი
იბერება, თვალებს კარკლავს,
თქვი, ვინ არის?...
ბაყაყი
სულ არაფრად არ მიაჩნდა
მაღლა ცა და დაბლა მიწა,
ყვინჩილობდა, ყოყოჩობდა
ყოყლოჩინა...
მამლაყინწა (მამალი)
სოროს ივსებს სოკოებით,
მარაგი აქვს პანტის,
პაწაწინა და ჩხვლეტია
ტყე-ტყე მარდად დარბის...
თუ შეშინდა დარგვალდება,
თქვი ვინ არის?...
ზღარბი
ცხენს ფლოქვებზე აჭედებენ
გზაზე რჩება მისგან კვალი,
რკინა არის მოგრეხილი,
ალბათ მიხვდი, ჰქვია...
ნალი
ძველი იარაღია,
მშვილდი მოქნილ ხის არი,
რასაც სტყორცნის შორს მიდის,
ეწოდება...
ისარი
თოვლისაგან გავაკეთე,
რა ახურავს თავზე?_ტაფა!
ცხვირი კურდღელს მოუპარავს,
თქვით, რა არის?...
თოვლის პაპა
ვინც ხელს იბანს წყალთან ერთად
უნდა ამაქაფოს,
მიკრობები დაგესევა, თუ არ ხმარობ...
საპონს
მწვანე ვარ და გასაზრდელად
წყალი მინდა ბევრი ლიტრი,
მე სალათის მშვენება ვარ,
და სახელად მქვია...
კიტრი
რძის ნაწარმი მეცა ვარ,
ენერგიის მარაგი,
პურს წაუსვით, მიირთვით
გემრიელი...
კარაქი
დაზამთრდა და ქალაქს თავზე
თეთრი ქუდი ებურა...
მიგვატოვეს ჩიტუნებმა
მარტის თვემდე ეულად...
მხოლოდ ერთი არ გვღალატობს,
დაგვჭიკჭიკებს ერთგულად,
პაწაწინა, მობუზული,
თქვი, ვინ არის?...
ბეღურა
ჩვენთან ზოოპარკში ნახავთ,
მუდამ ტყისკენ ისწრაფვის,
უწყინარი ცხოველია,
გრძელკისერა...
ჟირაფი
ერთ თეთრკაბიან პრინცესას,
გამოღვიძება ეძნელა,
თოვლის ქვეშ მყუდროდ ეძინა,
სახელად ჰქვია...
ენძელა
არ იჯავრო, მებადურო,
ზღვაზე თუა ნიავქარი,
უნიჩბოდ და უმოტოროდ
ნავს წაიყვანს...
იალქანი
ტანი და გრძელი ნისკარტი,
ფეხებად ორი ღერო,
ხის კენწეროზე აქვს ბუდე,
რა ფრინველია?...
წერო
სიცოცხლეში ერთხელ მღერის,
ასეთია მისი ბედი,
ტბის ნაპირას ჩუმად ცხოვრობს,
უწყინარი, თეთრი...
გედი
სიცივეში კი გაგათბობ,
მაგრამ მჩვევია ზიანიც,
ჩემთან ხუმრობას უფრთხილდი,
არა ვარ თავაზიანი.
ცეცხლი
გარედან თეთრად ქათქათებს,
ორი ფერი აქვს შიგნით,
ზოგჯერ კი ცოცხალ არსებად
გადაიქცევა იგი...
კვერცხი
წელიწადში თორმეტია,
წლის დროში კი_სამი,
ადვილია პასუხისთვის
არ ჭირდება წამიც.
თვე
ამჟამად დადის სავარცხლით,
თუმც თავზე არ აქვს თმები,
კოხტად გაშლილი ბოლო აქვს
და ღონიერი ფრთები,
იგი მხედარი არ არის,
მაგრამ ატარებს დეზებს
სიმღერით ხვდება განთიადს,
ადრე იღვიძებს მზეზე.
მამალი
ნაირფერი კაბები მაქვს,
დავფრენ ნაზი ფრთებით,
მინდორ-ველის სურნელოვან
ყვავილებით ვთვრები,
დილის მზე ვიბადები
და საღამოს ვკვდები.
პეპელა
ყვითელ კაბა ასული
დილეგშია ჩასმული,
დალალი კი მწვანე
დარჩენია გარეთ.
სტაფილო
შინაური ფრინველია,
აქვს მას ერთი ჩვეულება.
წყლის ყოველი დალევის დროს
ზევით ცისკენ იყურება.
ქათამი
კბილები მაქვს, პირი არა,
მაგრამ ჩემთვის ესეც კმარა,
როცა მოდის ჩემი ჯერი,
კიდეც ვჭამ და კიდეც ვმღერი.
ხერხი